14 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს წევრ ნოდარ ბოკერიასთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის" გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. ზურაბ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" პირდაპირ უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და განმანათლებლის, იაკობ გოგებაშვილის, შექმნილი უკვდავი „დედა ენის" გამოცემიდან 150 წლის იუბილე. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ დიდ ნაშრომზე იმ კონტექსტში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას. „დედა ენა" ქმნიდა განათლებულ საზოგადოებას, რასაც ყველაზე სწორად ამ პროგრესული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი აფასებდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის თვითმმართველობის ჩამოყალიბებაში. დიმიტრი ყიფიანი გახლდათ თბილისის პირველი არჩეული ქალაქისთავი და სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ქალაქში დემოკრატიული მმართველობის ტრადიციის დამკვიდრება. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ თბილისის საკრებულო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს მის მემკვიდრეობას, საკრებულოს ისტორიული სხდომათა დარბაზი ატარებს მის სახელს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ისტორიული მოღვაწის განუზომელ მნიშვნელობას და ღვაწლს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე.
დღეს წარმოდგენილი „დედა ენის" გამოცემაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ის სწორედ დიმიტრი ყიფიანის ნაქონია და მისი ხელით შესრულებული ჩანაწერები და კომენტარები ახლავს. ეს გარემოება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შევეხოთ არა მხოლოდ ტექსტს, არამედ იმ ეპოქის აზროვნებასა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივა, რომ სწორედ 14 აპრილისთვის, ქართული ენის დღისთვის, გამოეცა ხელახლა 150 წლის წინანდელი „დედა ენა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გამოფენისა და გამოცემის შექმნაში მონაწილეობდა. მისი თქმით, „დედა ენა" მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ, ღირსებისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული „დედა ენის" გამოცემები - პირველიდან თანამედროვემდე. ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ხელახლა დაბეჭდილი 1876 წლის „დედა ენის" გამოცემაც. წიგნი გამორჩეულია იმით, რომ ის დიმიტრი ყიფიანის ნაქონია და თითქმის ყველა გვერდს მისივე ხელით მიწერილი კომენტარები ერთვის. ღონისძიებაზე ამ წიგნის პრეზენტაციაც შედგა.
ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ UCLG-ის აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
აპრილი 14,2026
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026