07 აპრილი 2026 საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსები - ახალი ხედვა, მიზნები და სამომავლო პრიორიტეტები“ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე; მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი გამოვიდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 2023-26 წლებში, რუსთაველის ფონდის ბიუჯეტის პერმანენტული ზრდის პარალელურად, მის მიერ ადმინისტრირებული კონკურსებისა და საერთაშორისო პროგრამების, დაფინანსებული პროექტებისა და 2026 წელს დაგეგმილი სიახლეების - ახალი სამეცნიერო საგრანტო კონკურსების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს პირველად გამოცხადდება სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მხარდაჭერისა და განვითარების სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი. ზვიად გაბისონიამ აღნიშნული სახელმწიფო საგრანტო კონკურსების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.