06 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ, „გეფას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები დამატებითი ფასდაკლებით გაიცემა.
სს „გეფა“ წარმოადგენს მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.
დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია სს „გეფას“ სპეციალური პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა დავით სულაბერიძემ მოაწერეს.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, განაცხადა, გაფორმებული დოკუმენტი ეხმარება მოქალაქეებს უფრო სრულყოფილად მიიღონ ის სერვისები, რომლებსაც მათ თბილისის მუნიციპალიტეტი აწვდის.
„გაფორმდა მემორანდუმი სს „გეფასთან“, რომელიც რამდენიმე აფთიაქს - „ჯი-პი-სი“, „ფარმადეპო“ და „ლურჯი ჯვარი“ - აერთიანებს. მემორანდუმის თანახმად, ფასდაკლების დღეების ნაცვლად, მთელი კვირის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასდაკლებით ისარგებლებს ყველა ის მომხმარებელი, რომლებიც ქალაქ თბილისის მერიას ან გამგეობას მიმართავენ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
თანამშრომლობა ხორციელდება მერიისა და რაიონული გამგეობების სოციალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მოქალაქეთა სამედიცინო და სხვა საჭიროებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, სს „გეფა“ იღებს ვალდებულებას კალკულაციები გასცეს მედიკამენტებზე დამატებითი ფასდაკლებით კვირის ნებისმიერ დღეს. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებისა“ და „თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გაიცემა დამატებითი ფასდაკლებით კვირის ნებისმიერ დღეს.
როდესაც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქე გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების შესახებ განცხადებით მიმართავს, მისთვის „გეფას“ ნებისმიერ აფთიაქში კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტი გაიცეს დამატებითი ფასდაკლებით.
ხელმოწერის ცერემონიალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, საკრებულოს ფრაქციის „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები ქეთევან ჭავჭანიძე და შალვა პერანიძე ესწრებოდნენ.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და 1 წლის ვადით არის ძალაში.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026
თბილისის საკრებულოში ექიმ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა
მარტი 27,2026
ბექა მიქაუტაძე და ალექსანდრე მუკათარიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
მარტი 27,2026