24 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა, წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. სხდომაზე თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, უწმინდესი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის გახლდათ ეპოქალური პიროვნება, არამედ იგი მსოფლიო მასშტაბის ფიგურა იყო.
„დღეს პირველი სხდომა ტარდება საკრებულოში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაგვტოვა. ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული სამების საკათედრო ტაძარში მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებლად. იგი არა მხოლოდ ჩვენთვის იყო ეპოქალური პიროვნება, არამედ მსოფლიო მასშტაბის ფიგურა გახლდათ. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. საუკუნოდ იქნება ჩვენი პატრიარქის ხსოვნა"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან მესხიას არჩევას მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ცვლილებას მხარი დაუჭირეს, რომლის მიხედვითაც პროგრამით მოსარგებლეთა ლიმიტი 300 ერთეულით იზრდება, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას 2400 ბენეფიციარის ნაცვლად - 2700 ბენეფიციარი მიიღებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოსკოვის გამზირზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში შპს „მეტი დეველოპმენტის" და მასთან აფილირებული კომპანიების დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის ანაზღაურების საკითხი, ასევე ბოჭორიშვილის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი პროექტები დაამტკიცეს და რამდენიმე მისამართზე მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს დაუჭირეს მხარი.