17 მარტი 2026 თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპის პრეზენტაცია, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სიახლეები გააცნო.
პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ პროგრამამ არსებობის განმავლობაში ხელშესახები შედეგები უკვე აჩვენა და ახლა წარმოდგენილი ახალი ეტაპი კი ამ პროგრამის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.
„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ აქტიურად ეხმარება თბილისელებს პროფესიული უნარების განვითარებასა და რეალურ დასაქმებაში. 2018 წლიდან 2025 წლამდე მასში ჩართული იყო 15 000-ზე მეტი მოქალაქე და კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელმა 75%-ს გადააჭარბა. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ პროგრამა წარმატებით პასუხობს როგორც მოქალაქეების, ისე შრომის ბაზრის საჭიროებებს.
დღეს წარმოდგენილი ახალი ეტაპი ამ პროგრამის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა ასაკობრივი ზღვრის შემცირება, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული გზა. „ისწავლე და დასაქმდი“ ნამდვილად არის რეალური შესაძლებლობა თბილისელებისთვის, სრულიად უფასოდ შეიძინონ ახალი პროფესია მოკლე დროში და იპოვონ საკუთარი ადგილი თანამედროვე შრომის ბაზარზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს: თბილისის მერიას, პროფესიულ კოლეჯებს, სასწავლო ცენტრებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, პროგრამის მთელ გუნდს - იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და მოქალაქეებს აძლევენ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება, დაეუფლონ სასურველ პროფესიას და დასაქმდნენ შესაბამისი ანაზღაურებით“, - განაცხადა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ.
პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თბილისის მერმა კახა კალაძემ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მოაწერეს ხელი.
თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს.
წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად დაემატა კერძო სექტორიც.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დედაქალაქის მერიის პროექტია, რომელმაც ბოლო წლებში 15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გადაამზადა.
მიმდინარე წლიდან პროგრამაში შევიდა არსებითი ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-ის ნაცვლად განისაზღვრა 16 წლით.
პროგრამის ფარგლებში გადამზადებულთათვის ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს დაეხმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში.
გარდა ამისა, თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო - ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა. ამ მიმართულებით პროგრამას დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; ხელოვნური ინტელექტი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით და სხვა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე - dasakmdi.ge. მასში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან.
სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერიისა და ბიზნესის წარმომადგენლები, პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ კურსდამთავრებულები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ლევან მიქავას მოუსმინეს
მარტი 17,2026
ზურაბ აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო
მარტი 17,2026