06 მარტი 2026 ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად ეროვნული სკრინინგ ცენტრის გლდანის ფილიალს ეწვია.
საკრებულოს წარმომადგენლები სამედიცინო დაწესებულებაში ლურჯი მარტის თვის აღნიშვნის ფარგლებში იმყოფებოდნენ. მარტის თვე - რომელსაც „ლურჯი მარტი“ ეწოდება - კოლორექტალური (მსხვილი ან/და სწორი ნაწლავი) კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ მიიჩნევა და მსოფლიო საზოგადოების მიერ ყოველწლიურად აღინიშნება. „ლურჯი მარტის“ აღნიშვნის მიზანი საზოგადოებისთვის ამ დაავადების სიმპტომების, დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა სკრინინგ ცენტრის დირექტორ ეთერ კიღურაძესთან ერთად სამედიცინო-დიაგნოსტიკური დაწესებულება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც ადრეული დიაგნოსტიკის და დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაზე. საუბარი ასევე შეეხო თანამედროვე აპარატურასა და ტექნოლოგიებს, რომლებითაც სკრინინგ ცენტრია აღჭურვილი და დედაქალაქის მერიის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის განხორციელების საშუალებას იძლევა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში ორივე სქესის 50-დან 70 წლის ჩათვლით მოქალაქეთათვის კოლორექტალური კიბოს სკრინინგი ხორციელდება. პროგრამა 2011 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. სერვისის ღირებულებას სახელმწიფო 50 წლის ასაკიდან სრულად აფინანსებს.
ადრეული სკრინინგის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს და ხშირ შემთხვევაში მთლიანად აღმოფხვრას კოლორექტალური კიბოს განვითარების ალბათობა. დროული დიაგნოსტიკა ამ დაავადების დროული გამოვლენის, განკურნების წინაპირობა და საუკეთესო პრევენციაა. დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დროულად დაწყება განკურნების შანსებს მკვეთრად ზრდის.
გარდა კოლორექტალური სკრინინგისა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში ჩვენს მოქალაქეებს ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და პროსტატის კიბოს მართვის სკრინინგების სრულიად უსასყიდლოდ ჩატარების საშუალებაც აქვთ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ყველა ფილიალში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.