25 ნოემბერი 2025 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივითა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. მან აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი საქმეა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კამპანიის ფარგლებში კი არ განიხილებოდეს, არამედ გახდეს სისტემური, უწყვეტი პროცესის ნაწილი. თბილისის საკრებულო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ზრუნვის სააგენტოსთან და ყველა იმ სტრუქტურასთან, რომლებიც მუშაობს ქალებისა და ბავშვების დაცვაზე. ჩვენი მიზანია, თითოეულმა ქალმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას და მისი მხრიდან დახმარება ხელმისაწვდომია," - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბელა გოგუამ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებსა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა სერვისების სამმართველოს უფროსმა - თამარ კაკულიამ წარმოადგინა პრეზენტაცია და ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო ბურძენიძემ იმ სერვისების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს სთავაზობს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით 16-დღიანი კამპანია სწორედ იმ მიზნით ტარდება, რომ ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ ქალთან მივიდეს.
მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო სერვისების შესახებ განხორციელებულ ღონისძიებებზე და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მიემართათ მომხსენებლებისთვის და დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები.
ღონისძიება 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა და მომავალშიც გაგრძელდება ინფორმაციული შეხვედრებითა და უწყებათაშორისი საქმიანობით.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025