თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი, თბილისის N19 საზაფხულო ბაღში იმყოფებოდნენ. თბილისის საკრებულოს წევრები დიდუბის რაიონში, N19 საზაფხულო ბაღს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა აბულაძესთან და დედაქალაქის მერის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად ესტუმრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე.
სტუმრებმა საზაფხულო ბაღის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, დაათვალიერეს ბაღის ინფრასტრუქტურა, კვების ბლოკები და სააღმზრდელო ჯგუფები.
თბილისში 1 ივლისიდან 55 საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 3500-მდე თანამშრომელი 20 000 აღსაზრდელს ემსახურება.
„საზაფხულო ბაღები" თბილისის მერიის სოციალური პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებულ ოჯახებს სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ კვლავ ისარგებლონ საბავშვო ბაღების მუნიციპალური სერვისებით.