საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოში აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" 2024 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინეს. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი და საკრებულოს უმრავლესობის წევრი და „ათეა“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძეც მონაწილეობდნენ.
სახალხო დამცველმა საკრებულოს წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იოსელიანის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ადამიანების პრობლემების გადაჭრაში ძალიან მნიშვნელოვანი, მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა კი ინფორმაციის გაცვლისა და სწორი ორიენტირებისთვის აუცილებელია.
სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ კი იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, რომელთა გადაჭრაშიც, მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობა აუცილებელია. როგორც თამარ გვარამაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთი რეკომენდაცია გარემოს დაცვის საკითხებს და ეკომიგრანტებს ეხება. ანგარიშში ასევე საუბარია მოსახლეობის სოციალურ, მათ შორის კვებით უზრუნველყოფასა და კვებითი ობიექტების ხელმისაწვდომობაზე; შშმ და ბავშვთა უფლებების დაცვაზე; ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გენდერული ნიშნით კვოტირების გაუქმებას გულისხმობს. თამარ გვარამაძის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ძალიან დიდია.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სახალხო დამცველი ადგილობრივ თვითმმართველობებთან სისტემური საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მსგავსი შეხვედრების და საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობის შესახებ თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებმაც ისაუბრეს. მათი თქმით, კარგი იქნება თუ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები და პრობლემების განხილვა სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენამდე მოხერხდება, რათა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა პირველ წყაროდან მიიღონ ინფორმაცია თუ რა განაპირობებს ამა თუ იმ პრობლემას.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და „ათეა“- ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ სახალხო დამცველს თვითმმართველობებთან პირდაპირი დიალოგის ინტერესის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, საქმის კეთების გასაუმჯობესებლად რჩევების მიღება ძალიან ღირებულია.
„მადლობა სახალხო დამცველს იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებთან პირდაპირი დიალოგის ინტერესი გამოხატეთ. ჩვენთვის თქვენს ოფისთან ასეთი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დარბაზში მსხდომ ადამიანებზე მეტად არავინ არის დაინტერესებული, რომ მათ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ ვართ საქმესა და შედეგზე ორიენტირებულები და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან ღირებულია მივიღოთ რჩევები, თუ როგორ ვაკეთოთ საქმე იმაზე უკეთ, ვიდრე ვაკეთებთ ამას დღეს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა თქვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რათა გქონდეთ სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ამა თუ იმ პრობლემას“- განაცხადა ნინო რუხაძემ.
ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციას დაესწრნენ
ივლისი 17,2025თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა თამარ ხვედელიანმა ბრიფინგი გამართა
ივლისი 15,2025ზურაბ აბაშიძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე ორი ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
ივლისი 15,2025