თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. სხდომას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა.
საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის სახელის მინიჭების საკითხს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს ასევე სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ბორის გრიგოლაშვილის სახელის მინიჭების საკითხი.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე და საჯარო განხილვაზე ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იოანე ღვთისმეტყველის სახელის, ასევე ნაძალადევის რაიონში, პეტრე ამირანაშვილისა და 67-ე ქუჩების ერთ დამოუკიდებელ ქუჩად გაერთიანების და წარმოქმნილი ქუჩისთვის მომღერალ პეტრე ამირანაშვილის სახელის მინიჭების საკითხებს დაუჭირეს მხარი.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, ლევან მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს ლევან მაჭავარიანის I შესახვევის სახელი, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს მორის ფოცხიშვილის I გასასვლელის სახელი, გლდანის რაიონშივე, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს, მიხაკო წერეთლის I ჩიხს და მასთან არსებულ უსახელო ჩიხს საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის სახელი მიენიჭება.