თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასკოლო მზაობის ჯგუფების გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე დღეს 112-ე ბაგა-ბაღის გამოსაშვებ ზეიმს დაესწრნენ. ღონისძიებაზე, რომელზეც ხუთი ჯგუფის 150-მდე ბავშვს სამახსოვრო ალბომები გადაეცა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, პატარებს, რომლებმაც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, მუსიკალური ნომრები წარადგინეს, ბაღის დასრულება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
„საბავშვო ბაღი არის ადგილი, სადაც განათლების გზაზე პირველი ნაბიჯები იდგმება. მადლობა ბაღის ადმინისტრაციასა და აღმზრდელებს იმ სიყვარულისა და შრომისთვის, რასაც ჩვენი პატარებისთვის აკეთებენ. ადგილობრივი თვითმმართველობა მუდმივად უჭერს მხარს სკოლამდელი განათლების სისტემას, რადგან აქ იწყება მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესი”- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საბავშვო ბაღის დასრულება 112-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემაც მიულოცა და განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებაა.
„ვულოცავ თითოეულ ბავშვს ცხოვრების პირველი, მნიშვნელოვანი საფეხურის დაძლევას. მათ წინ საინტერესო სასკოლო გზა ელით. მადლობა მინდა გადავუხადო ბაღის აღმზრდელებს იმ ფასდაუდებელი საქმისთვის, რასაც ისინი ჩვენი პატარებისთვის აკეთებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამის დასტური არაერთი რეაბილიტირებული და ახლად აშენებული ბაგა-ბაღია“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.