თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორთან, ნინო ანჯაფარიძესთან, ერთად ისნის რაიონში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის N3 ბიბლიოთეკა დაათვალიერა და თანამშრომლებს რეაბილიტაციის პროექტი გააცნო. დედაქალაქის ბიუჯეტში ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციოდ თანხის გამოყოფას რეკომენდაცია საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ გაუწია და თბილისის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.
როგორც თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, რეაბილიტაციის შედეგად ისნის რაიონს თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა ექნება, რაც მომავალი თაობის წიგნით დაინტერესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით, ბოლო წლებში თბილისში არსებული რამდენიმე მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისნის რაიონში კულტურ საგანმანათლებო პროექტის განხორციელება", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ისნის რაიონში მდებარე N3 ბიბლიოთეკა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაბამისი წიგნადი ფონდებით შეივსება.
ამ ეტაპზე რეაბილიტაცია თბილისში რამდენიმე მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას უკვე ჩაუტარდა, კერძოდ, ვაკის, დიდუბის, კრწანისის, სამგორის და გლდანის რაიონებში მდებარე ბიბლიოთეკებს, რისთვისაც ჯამურად 2, 306, 524 ლარი დაიხარჯა.