თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ და ერევნის ვიცე-მერმა არმენ პამბუხჩიანმა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის შენობა დაათვალიერეს, სადაც სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.
კახაბერ ლაბუჩიძეს და არმენ პამბუხჩიანს სომხური დრამატული თეატრის დირექტორმა არმენ ბაინდურიანმა უმასპინძლა და ახლადაშენებული შენობა დაათვალიერებინა.
„მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში ვიზიტად მყოფ ერევნის ვიცე-მერს, არმენ პამბუხჩიანს, სომხური დრამატული თეატრის შენობის ნახვისა და დათვალიერების საშუალება მიეცა. ამ თეატრის შენობა ხომ თავიდან აშენდა. სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობის აღდგენითი სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ ითავა. მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდს, რომელმაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით შეუძლებელი შეძლო და შედეგად ახლადაშენებული სომხური დრამატული თეატრი სულ მალე თავისი ახალი მაყურებლის მიღებას შეძლებს“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
თავის მხრივ, ერევნის ვიცე-მერმა თეატრალურ დასთან შეხვედრისას საქართველოს ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ განხორციელებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაოების ფარგლებში, ძველი შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა. შენობის მთელ პერიმეტრზე მოეწყო დრენაჟი. თეატრის შენობის ორივე ნაწილში - სცენისა და დარბაზის ნაწილებში - რკინა-ბეტონის კარკასი აეწყო. ახალი პროექტის მიხედვით, 6 403 კვ.მ ფართობის სრულიად ახალი შენობა აშენდა. სომხური დრამატული თეატრის სრული აღდგენა საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.