დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის დღის კვირეულის ფარგლებში, საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ილია მართლის გიმნაზიის სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მოსწავლეების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები. იგი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარების, მათი შესაძლებლობების წარმოჩენისა და მოტივაციის გაზრდას ემსახურება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, რადგან ახალგაზრდების განვითარება, მათი ღირებულებებისა და შემოქმედებითი უნარების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი საზოგადოების ძლიერ საფუძველს ქმნის.
„ეს გამოფენა ჩვენი მოსწავლეების ნიჭის, ხედვის და სულიერი სამყაროს ანარეკლია. ამ ასაკში ბავშვებს ყველაზე მძლავრი წარმოსახვა აქვთ და ნახატებში ჩანს, რამდენად სუფთა და ღრმა არის მათი სამყარო. მნიშვნელოვანია, რომ სკოლა, რომელიც წმინდა ილია მართლის სახელს ატარებს, ზრდის არა მხოლოდ მოსწავლეების ინტელექტს, არამედ მათ სულიერ სამყაროს", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიების დასასრულს კი საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის მოსწავლეებს გამოფენაში მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.