თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თავმჯდომარის მოადგილესთან, თინათინ ნიბლოშვილთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან, ოთარ გრიგოლიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში ფაშიზმზე გამარჯვების ოთხმოცი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ტყემალაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა ეს დღე, მადლობა გადაუხადა სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის და მათ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოსაპოვებლად უდიდესი მსხვერპლი სწორედ ქართველებმა გაიღეს, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.
„დღევანდელი დღე მივულოცეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. უდიდესია საქართველოს წვლილი ფაშიზმთან ბრძოლასა და გამარჯვებაში. დიდი და განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ 9 მაისს ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!" - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.