თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. კომისიის წევრებმა მთაწმინდის, ვაკის, ჩუღურეთის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის და გლდანის რაიონებში არსებული უსახელო ქუჩებისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კინორეჟისორ ომარ გვასალიას სახელი მიენიჭება. დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის სახელი კი ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთს და ახალდაბის ჩიხის დაერქმევა. ცნობილი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელს კი ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ ჩიხს დაარქმევენ. ასევე, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელი; ხოლო აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის ქუჩის გაგრძელებას და ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს წმინდაწყლის I ჩიხის სახელი მინიჭება.
კომისიაზე ჩუღურეთის რაიონში, იოსებ ჟორდანიას ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოსებ ჟორდანიას I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს. ამას გარდა, რამდენიმე უსახელო ქუჩას და ჩიხს სახელები მენიჭა გლდანის, ისნის, სამგორის და ნაძალადევის რაიონებში.
დღესვე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, სამგორის რაიონში, ე.წ. ვარკეთილის ცენტრალურ პარკს უზბეკი პოეტის, მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის ალიშერ ნავოის სახელი დაარქვეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას, საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. კომისიაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.