თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე, არსებული ჟიული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანთან, ასევე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სკვერის მიმდებარედ დაახლოებით ათი ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და ეს ტერიტორიაც სრულად რეაბილიტირდება.
„ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილზე დაახლოებით 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და გამოთავისუფლებულ ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. რამდენიმე თვეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ადგილი არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად თბილისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსდება საპარკო ავეჯი, ასევე რეაბილიტირდება არსებული სპორტული მოედანი. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც - მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.
აღნიშნულ პროექტზე ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.