საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 34-ე წელს აღნიშნავს. იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდა.
ღონისძიება სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით დაიწყო, რომელიც სახელმწიფო ჰიმნის შესრულების ფონზე, საზეიმო ზალპით გაგრძელდა. ქართულ ჯარს იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში.
„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34-ე წელი აღინიშნება. მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო ჯარისკაცებს და მადლობა გადავუხადო მათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რომელთაც თავი შესწირეს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცერემონიალი სამხედრო ფიცის დადებით გაგრძელდა, რომელიც 150-მა რეკრუტმა დადო. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურების, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის გამორჩეული სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდნენ.
თავდაცვის ძალების 34-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისი მერი, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს უცხოელი მრჩევლები, თავდაცვის ატაშეები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა (EUMM) და ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენლები, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დაესწრნენ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი თავდაცვის ძალების ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.