თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან ზეინეფ ბაირაქთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვია.
სტუმრებს ცენტრის დირექტორმა ინგა ლოლაძემ უმასპინძლა - დაათვალიერებინა გარემო, სადაც ბენეფიციარები შესაბამის თერაპიებს გადიან, გააცნო სასწავლო და სოციალური განვითარების პროგრამები და ცენტრის მუშაობის პრინციპზე მოუთხრო.
„დღეს სარეაბილიტაციო ცენტრს, „მზის შვილებს“, ვესტუმრეთ. ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ძალებს არ ვიშურებთ მათთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად, დღევანდელი ვიზიტიც ამას ემსახურება.
დღეს გავეცანით აღნიშნული ცენტრის საჭიროებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი თურქი მეგობრებისაგან მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს პატარებს.
მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს, ზეინეფ ბაირაქს, თანამშრომლობისა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის, ვინაიდან სააგენტოს თბილისის ოფისი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორია, რომელმაც საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განახორციელა“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
დღესვე ზურაბ ჩიკვილაძე ზეინეფ ბაირაქთან ერთად თბილისის 36-ე საჯარო სკოლასაც ესტუმრა. სკოლის დირექტორმა მაია კვინიკაძემ სტუმრებს ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერებინა. შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს დახმარებით არაერთი კარგი საქმე გაკეთდა და მომავალშიც იგეგმება ბევრი ერთობლივი, საინტერესო პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.