თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ 1-4 აპრილს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს. ბიუროს შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სესიები და დიალოგები, რომლებიც ადგილობრივი ფინანსების მართვას, მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებსა და მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებს მოიცავდა.
ნინო ვარდოსანიძე და ანა კაკაბაძე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მსოფლიო ფორუმშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომელიც UCLG-ის ორგანიზებით 3-4 აპრილს გაიმართა.
ფორუმზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომები, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, საშუალო ზომის ქალაქების ეკონომიკური და ტერიტორიული სტრატეგიები შესაძლებლობების შექმნის მიზნით, სოციალური განვითარების მსოფლიო სამიტისთვის მზადება, ინიციატივებისა და სინერგიების განვითარება, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაფინანსება, სუბნაციონალური მთავრობების გამოწვევები, კონფლიქტში მყოფი ტერიტორიები და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, როგორც მშვიდობის დამყარების მექანიზმი.
ფორუმში მონაწილეობდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განვითარების და ეკონომიკის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სევილიაში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს წევრები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სექციის გენერალურ მდივანს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული და აღნიშნული რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.