თბილისის საკრებულოში თბილისის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, ამავე კომისიის წევრი ანა კილაძე და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დაესწრნენ. ღონისძიება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.
გურამ ოქროპირიძემ მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრს 60 წლის იუბილე მიულოცა და ცენტრის მწვრთნელებსა და თანამშრომლებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, ამავე კომისიის წევრმა ანა კილაძემ, საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჯაფარიძე, ცენტრის ღვაწლმოსილი მუშაკები მარინა ცერცვაძე, თამარ ანჯაფარიძე, ლეილა დოლიძე და მარინა ჯაიანი დააჯილდოვეს.
საქართველოში ფიგურულ სრიალს საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს. საქართველოს პირველი ჩემპიონატი კი ჩატარდა 1961 წელს დაბა ბაკურიანში. 1964 წელს თბილისში გაიხსნა პირველი ხელოვნურ საფარიანი საციგურაო ცენტრი.