თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (209 684,9 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 38,6 ათასი ლარით, ხოლო მცირდება სხვა შემოსავლების ნაწილში სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 38,6 ათასი ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 209 684,9 ათასი ლარით და შეადგენს 2 192,862.9 ათას ლარს.
დადგენილების პროექტით, სპორტის მიმართულების ქვეპროგრამებში არის მნიშვნელოვანი ზრდა, კერძოდ, მწვრთნელთა მხარდაჭერა იზრდება 525,0 ათასი ლარით; სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია – 2 090,0 ათასი ლარით, რაც მოხმარდება არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ახალგაზრდების დაინტერესებას ქუჩის სპორტით, ხოლო სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა – 7 019,9 ათასი ლარით, ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება მიმდინარე სპორტული ცენტრების სამშენებლო სამუშაოები და მათი აღჭურვის პროცესი.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე გურამ ოქროპირიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ფინანსების ზრდა და რეკომენდაციების გათვალისწინება დადებითად შეფასდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ მწვრთნელთა ხელფასების 20 %-იანი მატება, რაც მისივე განცხადებით გაზრდის მწვრთნელების დაინტერესებას და მოტივაციას სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ჩატარების მიმართ, მათი აქტიური მუშაობა და შეჯიბრებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს დედაქალაქში, სპორტის სხვადასხვა სახეობებში პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების მოძიებას, მათ ჩაბმას სპორტულ ჯგუფებში და მაღალი შედეგების მიღწევას.
2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესაბამისად, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამები მთლიანობაში 9 634,9 ათასი ლარით იზრდება და 32 483,3 ათასი ლარით განისაზღვრა.