თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ ცინცაძემ საბურთალოს რაიონის მოსახლეობას 2023-2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ავთანდილ ცინცაძემ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა მისი, როგორც მაჟორიტარის საქმიანობაზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებთან ინტენსიურ კომუნიკაციას, ასევე მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის საფუძველზე მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევას.
როგორც ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, მისი პრიორიტეტი სწორედ მოქალაქეებთან კომუნიკაციაა, რაც მას აძლევს საშუალებას, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინოს მოსახლეობის საჭიროებები, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვადასხვა ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამების დაფინანსება. საკრებულოს წევრმა ანგარიში წარდგენისას დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობის შედეგებიც.
დღესვე, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას წარუდგინეს საკრებულოს წევრებმა- აკაკი ალადაშვილმა და თამარ ჩახვაშვილმა.
აკაკი ალადაშვილი მე-7 მოწვევის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.
აკაკი ალადაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ის აქტიურად იყო ჩართული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემას.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია წარმოდგენილ პროექტს 2017 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, იმ პირებს, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ კონკრეტულ მისამართზე, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ.
,,აღსანიშნავია, რომ წელს 173 ოჯახს დაუკანონდა ჯამში 13686 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, ხოლო 2017 წლიდან სულ 2950 ოჯახი გახდა საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე“ - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრის დასასრულს, საქმიანობის ანგარიში საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩახვაშვილმაც წარმოადგინა.
თამარ ჩახვაშვილი მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი მიმდინარე წლის აგვისტოდან გახდა, ის ასევე, არის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების, ასევე საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
მოსახლეობასთან შეხვედრისას თამარ ჩახვაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობის პრინციპები და საქმიანობა. როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრმა მონაწილეობა მიიღო 3 სხდომაში და საჯარო განხილვებში. თამარ ჩახვაშვილმა ხაზი გაუსვა მის საქმიანობას ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას. მხოლოდ მიმდინარე წელს ჯამში 450 დაზარალებული მიიღებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
საუბრის დასასრულს, თამარ ჩახვაშვილი შეეხო საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას და განაცხადა, რომ საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა და ამ მიზნით, საბჭოს ფორმატში მონაწილეობა მიიღო არაერთ სამუშაო შეხვედრასა თუ სატელევიზიო გადაცემაში.
მისი თქმით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ეკონომიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანად გამოყენებისა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ თბილისის მერია პროფესიულ სასწავლებლებში სრულად აფინანსებს მოთხოვნად მოკლევადიან და გრძელვადიან პროფესიულ კურსებს, სადაც შესაძლებელია პროფესიული ცოდნისა და უნარების შეძენა, რომელიც მომავალში კურსდამთავრებულებს მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძებნაში და თვითრეალიზებაში დაეხმარება.
მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც საკრებულოს წევრებმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.