თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა. ქუჩის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძემ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, იასონ ლორთქიფანიძეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებაში, დიდი წვლილი მიუძღვის და სასიხარულოა, რომ დედაქალაქს მისი სახელობის ქუჩა შეემატა.
„თბილისის საკრებულოსთვის პატივია ქართველი მოღვაწის, სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩის გახსნა. იასონ ლორთქიფანიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ლევან აბაშიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის სახელობის ქუჩა ეროვნული ბანკის შენობასთან გაიხსნა.
„თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით მუშაობდა იასონ ლორთქიფანიძის სახელის ქუჩისთვის მინიჭების საკითხზე. ჩვენი კომისია აგრძელებს ეროვნული მოღვაწეების ქუჩების სახელდების საკითხების განხილვას", - განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ.
იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. იასონ ლორთქიფანიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე ხაზგასასმელია მისი ღვაწლი სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. იასონ ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის; სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და მისი ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა.
მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, დედაქალაქში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.