საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად თბილისის 211-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, განათლების სამინისტრო აგრძელებს სკოლების რეაბილიტაციის პროცესს და ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
„კიდევ ერთი სკოლა წავკისში, 211-ე სკოლა, სრულად იქნა რეაბილიტირებული. ეს არის პროცესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ქალაქის მასშტაბით. სკოლების რეაბილიტაციების პროცესი აქტიურ ფაზაშია. 211-ე სკოლა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მინდა მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ასეთ კომფორტულ გარემოში", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
211-ე საჯარო სკოლა დაათვალიერეს ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით კაჭარავამ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრავამ.
თბილისის 211-ე საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის პროექტი სსიპ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-მა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, განახორციელა, რაც შეეხება რეკრეაციული სივრცის, ეზოსა და გარე სპორტული მოედნის კეთილმოწყობას, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეებით, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, რესურს ოთახით, ექიმის კაბინეტით, სპორტული დარბაზითა და მოედნით. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.