საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად თბილისის 215-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა, სადაც სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულება რეაბილიტაციის შედეგად სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
„განათლების სამინისტრო აგრძელებს თბილისსა და მთელ საქართველოში სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობას. დღეს ვიმყოფებით პატარა ლილოს დასახლებაში, სადაც 215-ე საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სასიხარულოა, რომ ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ სრულად რეაბილიტირებულ და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
2015-ე საჯარო სკოლაში, რომელიც ლილოში მდებარეობს, განახლდა ფანჯრების, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტროგაყვანილობის სისტემები. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა უზრუნველყოფილია სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით.
შენობა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი, ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყო პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.