თბილისის საკრებულოში ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის „საქართველო - ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია" ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდია. პროექტი ანსამბლ „მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა წარადგინა. როგორც მან განაცხადა, პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. თავდაპირველად კრებულის ინგლისურენოვანი თარგმანი გამოიცა, რომლის პრეზენტაცია 2019 წლის ბოლოს ეროვნულ სასახლეში შედგა. ამჟამად გამოცემული ქართულენოვანი სამტომეული აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას ეძღვნება. წიგნი სულ 1000 ეგზემპლარად დაიბეჭდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოსთვის დიდი პატივია ასეთი ღონისძიების მასპინძლობა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულო დღეს მართლაც განსაკუთრებულ საღამოს მასპინძლობს. გამოცემა, რომლის პრეზენტაციაზეც დღეს ვიმყოფებით, თავისი არსით უნიკალურია, ვინაიდან მასალის მოცულობით, დეტალიზაციით და უამრავი ისტორიული წყაროს გამოყენებით მნიშვნელოვნად აჭარბებს ამავე თემაზე აქამდე არსებულ ნაშრომებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ სამუსიკო ფოლკლორზე, საეკლესიო მუსიკაზე, არქეოლოგიაზე, არქიტექტურაზე, ისტორიასა და ეთნოგრაფიაზე ამ უნიკალური ნაშრომის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერის გარეშე. სწორედ ფონდის დახმარებით გახდა შესაძლებელი ამ შესანიშნავი პროექტის მომზადება და ფინანსური უზრუნველყოფა", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამტომეული „საქართველო - ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია" - ეს არის ნაშრომი ქართულ კულტურაზე, რომელიც მოგვითხრობს სამუსიკო ფოლკლორზე, ქართულ საეკლესიო მუსიკაზე, ასევე მოიცავს თანმდევ ნაშრომებს არქეოლოგიაზე, არქიტექტურაზე, ისტორიასა და ეთნოგრაფიაზე. ქართულენოვანი გამოცემა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" დააფინანსა. პროექტი განახორციელეს ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" და ამერიკულმა საგამომცემლო სახლმა „ნოვა საიენს".
პრეზენტაციაზე ანსამბლებმა „რუსთავმა", „მართვემ" და „ბასიანმა" რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა შეასრულეს.