22 ნოემბერი 2023 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მოადგილესთან, ზურაბ აბაშიძესთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან სუხიტაშვილთან ერთად თბილისის 53-ე და 211-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ამჟამად ორივე საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
53-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 8 250 000 ლარზე მეტია, 211-ე საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების თანხა კი 4 850 000 ლარს შეადგენს.
ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაოები სამშენებლო ნორმების დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით ხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლებში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ღია და დახურული სივრცეები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლის შენობები სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
სკოლების შენობების სრულ რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.