03 ნოემბერი 2023 თბილისის საკრებულოსა და „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა - საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, კლინიკის თანადამფუძნებელმა დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო კარანაძემ და საერთაშორისო ლაიონს კლუბების საქართველოს რეგიონულმა თავმჯდომარემ, ირინა ლობჟანიძემ, მოაწერეს.
„მოხარული ვართ, რომ ამ უდიდეს კომპანიასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კლინიკა უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოსთან ერთად დაიგეგმოს სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიება პირველადი სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების მიმართულებით. მემორანდუმის მოქმედება სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებსაც მოიცავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, - განაცხადა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის საკრებულო და ,,ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო“ თანხმდებიან ითანამშრომლონ და დაგეგმონ სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიება პირველადი სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ფარგლებში. ასევე თანხმდებიან ითანამშრომლონ თბილისის საკრებულოს თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხედველობის პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაჭრისა და მკურნალობის მიმართულებით.
გამოკვლევების ჩამონათვალში შედის მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია); სათვალის შერჩევა; თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია); ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია); თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა; ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; სისხლში გლიკემიის განსაზღვრა.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.