14 მარტი 2018
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. გიორგი ტყემალაძე ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც, მოსახლეობის თხოვნით, სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი ორხევის დასახლებაშიც მივიდა, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ორხევში სანიაღვრე სისტემის არ არსებობის გამო, მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. სამგორის მაჟორიტარის თქმით, სანიაღვრე ქსელი პეტრიწის, კაკაბაძის, გოკიელისა და წუწუნავას ქუჩებზე მოეწყობა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, აღნიშნულ მისამართებზე გზის საფარი დაიგება.
დღესვე გიორგი ტყემალაძემ მაჟორიტარის წარმომადგენლობაში მოქალაქეები მიიღო. დეპუტატის წარმომადგენლობაში მოქალაქეთა მიღება ყოველ ოთხშაბათს იმართება.