თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
მისი განცხადებით, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში მოძიებულმა რესურსმა 14 მლნ. 585 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც რამდენიმე პროგრამაში და ქვეპროგრამაში გადანაწილდა.
გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, ბენეფიციართა რაოდენობიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროექტებში, რომლის მიხედვითაც, დაფინანსება სხვა პროგრამებთან ერთად ,,C’’ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის და ასევე მოსახლეობის სოციალური დახმარების ქვეპროგრამებს გაეზარდათ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვნად მატულობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც წლის განმავლობაში ბავშვთა რაოდენობის ზრდითაა განპირობებული.
აღნიშნული საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც საკრებულოს წევრების კითხვებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა დეტალური პასუხები გასცა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს და მას წარმოდგენილ სხვა საკითხებთან ერთად მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ასევე მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.