22 აპრილი 2026 „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა - მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეისყიდა.
ეკონომიური და ეკოლოგიური, ევრო 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.
განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.
პრეზენტაციას ასევე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრები, დედაქალაქის ვიცე -მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, მერიისა და „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკის განახლების მიზანი დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში წესრიგის დაცვის ღონისძიებების თანაბრად და ეფექტიანად შესრულება, ასევე დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვა, დარღვევებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირება, მათი დროული აღკვეთა და პრევენციაა.
ახლად შესყიდულ ავტომობილებთან ერთად ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იყო „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ახალი მიმართულებაც - მოტოინსპექცია.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია“ წარმოადგენს ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელ მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით 24-საათიან მონიტორინგს და ინსპექტირებას არაერთი მიმართულებით ახორციელებს.