23 სექტემბერი 2025 თბილისის განვითარების ფონდმა ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. დასრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და ვიცე მერთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობის საძირკველი, აღდგა დაზიანებული კედლები და ღიობები, განახლდა ფასადის დაზიანებული ნაწილი, სახურავი და კარ-ფანჯრები, ეზოს მხარეს არსებული ფასადი კი აგურით მოპირკეთდა. გარდა ამისა, ეზოში მოეწყო ლითონის კიბე და მხატვრული მინათება.
რეაბილიტაციის შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 80-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა, ხოლო თბილისს ტურისტულ მარშრუტზე, კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატება.
პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე შპს „იკორთამ“ იმუშავა, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „დიკა 2010“-მა შეასრულა.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.