10 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოს წევრმა, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ, ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სატრანსპორტო საკითხთა კომისიის 14 სხდომა, სადაც განიხილეს 33 საკითხი და მომზადდა შესაბამისი დასკვნები.
შალვა ოგბაიძემ მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 16 და ბიუროს 20 სხდომის მუშაობაში, სადაც 102 დადგენილება და 737 განკარგულება მიიღეს.
მანვე ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა.
ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და სამგზავრო ტრანსპორტის მოდერნიზაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე და შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოების თაობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2025 წელს თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 2 348 609.0 ათას ლარს შეადგენს. აქედან ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გამოყოფილია 585 059.7 ათასი ლარი, მეტროსადგურების რეკონსტრუქცია, მშენებლობა დაფინანსებულია 300.0 ათასი ლარით, ხოლო თბილისის ავტობუსების განახლება-შევსება კი 145 412.5 ათასი ლარით; რაც შეეხება საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდიას, 396,190.0 ათასი ლარითაა დაფინანსებული.
შალვა ოგბაიძის თქმით, აღსანიშნავია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებული რეფორმები, ასევე მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის ჩანაცვლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები.
მისივე ინფორმაციით, 2024-2025 წლებში, შესყიდული იქნა 200 ერთეული, ევროპული სტანდარტის მქონე, ახალი 18 მეტრიანი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსი; ავტობუსები გადაადგილდებიან 10 სწრაფ სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ყველა რაიონს ერთმანეთთან აკავშირებს;
სამომავლოდ დაგეგმილია ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ახალი საავტობუსე ხიდის აგება, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს.
შალვა ოგბაიძის განცხადებით, იგეგმება სამი ახალი საბაგირო დერეფნის მოწყობა და ტრამვაის ახალი ხაზის მშენებლობა, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ ,,დიდუბესთან“ დააკავშირებს.
მანვე ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე, ელექტრო დამტენებზე და სხვა მიმდინარე თუ დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
დღესვე, დამსწრე საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში საკრებულოს წევრებმა მარიამ ზაქარიაშვილმა და ვიტალი ონიანმა წარუდგინეს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.