თბილისის საკრებულოს წევრმა, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ, ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს 2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სატრანსპორტო საკითხთა კომისიის 16 სხდომა, სადაც განიხილეს 53 საკითხი და მომზადდა შესაბამისი დასკვნები.
შალვა ოგბაიძემ მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 14 და ბიუროს 24 სხდომის მუშაობაში, სადაც 113 დადგენილება და 675 განკარგულება მიიღეს.
მანვე ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა.
ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და სამგზავრო ტრანსპორტის მოდერნიზაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე და შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოების თაობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2024 წელს თბილისის ბიუჯეტიდან ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გამოყოფილია 485,969.7 ათასი ლარი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგენის ღონისძიებები დაფინანსებულიან 66,904,7 ათასი ლარით, ხოლო საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია კი, 9,691,4 ათასი ლარით.
შალვა ოგბაიძის თქმით, აღსანიშნავია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებული რეფორმები, ასევე მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის ჩანაცვლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები.
მისივე თქმით, სამომავლოდ, დაგეგმილია 12 ვაგონის სარებილიატიციო პროცესიც.
ამასთანავე, დასრულდა რუსთაველი-მთაწმინსდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სრული განახლება და მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 50 მლნ. ლარია.
შალვა ოგბაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ტაქსების სფეროს მოწესრიგების მიმართულებითაც.
მანვე ისაუბრა ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე, ელექტრო დამტენებზე და სხვა მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებზე.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.