24 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კომისიის წევრებმა მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების თაობაზე აქტის გამოცემის, ასევე, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ, ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებაც იმსჯელეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, თბილისში შარტავას ქუჩასა და მოსკოვის გამზირზე არსებული, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“; ასევე, „მეტი დეველოპმენტის“ და მათთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და დაზარალებულ პირთა მიმართ ფართის, ან თანხის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს.
კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი პროექტები და ზონალური ცვლილებებიც დაამტკიცეს. ასევე, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.