20 აპრილი 2026 მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო, რის შემდეგაც აღნიშნულ ქუჩებზე არსებული ისტორიული შენობების რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტს, რომლის მიზანიც დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა, „თბილისის განვითარების ფონდი‘‘ ახორციელებს.
სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მასთან ერთად დედაქალაქის ისტორიულ უბანში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან, განვითარების ფონდის დირექტორ თამაზ ალიბეგაშვილთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება და მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია მოხდება.
მეორე ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება. მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, 13 შენობა კი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს.
რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი, საარქივო მასალაზე დაყრდნობით, მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიაზე არსებული ისტორიული კოშკის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება.
პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება.