თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს, რომელიც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან მიქავამ წარადგინეს.
პროექტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით გაზრდილია.
სპორტის განვითარების და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამების განსახორციელებლად 2025 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით, ჯამში,16 348,4 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პრიორიტეტის ფარგლებში 2025 წელს გაგრძელდება წარმატებული სპორტსმენი ბავშვების და მწვრთნელთა მხარდაჭერა, პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, დასრულდება, ისანში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 2024 წელს დაწყებული სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები. გაგრძელდება ფიზიკური დატვირთვების სკრინინგი, სპორტულ ცენტრებში 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ფიზიკური დატვირთვების და ჯანმრთელობის სკრინინგი და სპორტი უფროსი თაობისთვის 60 წლის და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ სპორტული სერვისებით სარგებლობა. ასევე, გათვალისწინებულია სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა და სხვა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სხდომაზე დეტალურად განიხილეს და მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად.
კომისიამ, სხდომაზე გამოთქმული წინადადებების შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის გადამუშავებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნეს კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
დღესვე კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს N13-76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი დადგენილების პროექტით ზემოაღნიშნულ წესის დანართში ცვლილება ეხება მომსახურების მიმწოდებლად ქვეპროგრამაში „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ჩართვის მსურველი სუბიექტების მიმართ სავალდებულო მოთხოვნას - საცურაო აუზის და ფიტნესდარბაზის ერთ სივრცეში ქონას, ცვლილებით, აღნიშნული პირობა აღარ იქნება სრულად აუცილებელი, მას დაემატება ალტერნატიული ნაწილი, რაც სპორტულ დაწესებულებებს საშუალებას მისცემს ერთ-ერთი ობიექტის - ფუნქციონირებადი ფიტნესდარბაზის ან საცურაო აუზის ფლობის შემთხვევაში ქვეპროგრამაში ჩაერთოს მომსახურების მიმწოდებლად.
ცვლილების მიზანია, მომსახურების მიმწოდებელი სპორტული დაწესებულებებისა და ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა, აგრეთვე, მათთვის მომსახურების მიღების არეალის გაფართოება.