13 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედნის და აკაკი ჩხენკელის სკვერთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოე რამიშვილის სახელის მინიჭების და ვაკის რაიონში, დიმიტრი არაყიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფრანგი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის რობერ შუმანის სახელის მინიჭების საკითხებს. მხარი დაუჭირეს ასევე, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მძლეოსანის, ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის სახელის მინიჭების, გლდანის რაიონში კი, შოთა მიქატაძის ქუჩისთვის სპორტსმენის, ფეხბურთელ სერგო კოტრიკაძის სახელის მინიჭების საკითხებს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელების უკვდავყოფას. ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევისთვს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის და დიმიტრი კორახაშვილის I, II და III ჩიხების სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე რამდენიმე ტექნიკური საკითხი.