24 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო. ასევე, გაიოზ თალაკვაძემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით იზრდება და 2 591 827,7 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, დეპუტატებმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებისთვის „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - აქტივების მართვის გეგმის შესახებ“ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა საკრებულოს სხვადასხვა დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტში; ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში; თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და შესაბამისად, შპს „ თბილ ლაინი“-ს, შპს „კაპიტალ გრუპ“-ს, შპს „თბილ ქარ“-ს და შპს „ფაბლიქ ქარ“-ს შორის თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ სანებართვო ხელშეკრულებებზე დამატებითი პირობების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.