06 მარტი 2026 დღეს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში პარა ძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ქალაქ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, ამავე კომისიის წევრი მამუკა ხაბარელი, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ლაშა მაისურაძე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ასევე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ესწრებოდნენ.
სპორტსმენებს, ჩემპიონატის ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას შალვა სუთიაშვილი მიესალმა, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
როგორც ცერემონიაზე აღინიშნა, ტურნირში მონაწილეობას იღებს 27 ქვეყანა, 193 პარა ათლეტი, 126 კაცი, 67 ქალი.
თბილისი 2026-ზე საქართველოს ნაკრები 29 პარა ათლეტით ასპარეზობს, მათ შორის 22 კაცი, 7 ქალი.
თბილისი 2026 პარა ძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, მხარდამჭერები კი თბილისის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.
თბილისი 2026 ევროპის ღია ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.