02 დეკემბერი 2025 სანზონაში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ, 10.88 ჰა ფართობზე ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დღეს მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ და ნაძალადევის რაიონში სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვალერიან პაპუაშვილმა მიიღეს.
ტერიტორიაზე, რომლის აღდგენით სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, ჯამში 10 170 მწვანე ნარგავი დაირგვება. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 ჰექტარი სატყეო მიწა თვითნებურად იყო მითვისებული, რომელიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.
როგორც თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ გარემოს დაცვა და მეტი გამწვანებული სივრცის შექმნაა. სწორედ ამიტომ, დღეს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინიციატივით, სანზონაში ასეთი მასშტაბური გამწვანების აქცია მოეწყო.
„ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, როგორც რეკრეაციული სივრცეების შექმნა, ასევე, ქალაქის გარშემო არსებული ტყეების მოვლა-პატრონობა და აღდგენა. ამ მიმართულებით, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აქტიურად მუშაობს. ქალაქის გამწვანება 2026 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს"- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ტოგონიძემ, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ვახტანგ ნოზაძემ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიიღეს.