22 სექტემბერი 2025 საკრებულოში დღეს სამი კომისიის - ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები - ზურაბ აბაშიძე, ავთანდილ ცინცაძე და ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდნენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა საკრებულოს წევრებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარუდგინა. დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებიც შეათანხმეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს. ასევე, თბილისში მდებარე რამდენიმე ობიექტს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიანიჭეს.
სხდომაზე დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”; ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (2030 წლამდე) დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.