24 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6 - 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ქვეპროგრამის ფარგლებში, თვეში დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობის ზრდას ეხება.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნა მუდმივად იზრდება, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსურველმა შეძლოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება.
წარმოდგენილი პროექტით, პროგრამით მოსარგებლეთა ლიმიტი 300 ერთეულით იზრდება, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას 2400 ბენეფიციარის ნაცვლად - 2700 ბენეფიციარი მიიღებს.
ასევე, იცვლება წესში არსებული სხვადასხვა მუხლები, ცვლილება შედის წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციითაც განისაზღვრებოდა რომ დაწესებულებას უნდა ჰყოლოდა 10 მოსარგებლეზე 1 ქცევის ტექნიკოსი, რომელიც არის მინიმუმ ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროს (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და/ან ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ტექნიკოსი, რომელსაც გავლილი აქვს 40-საათიანი ტრენინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში და მუშაობს ქცევის ანალიტიკოსის ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სუპერვიზიის ქვეშ.
ქცევის ანალიტიკოსისთვის დადგენილი კვალიფიკაციის ნაწილი რჩება უცვლელად და განისაზღვრება რომ მათი ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა თვეში 160 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ყოველ 10 მოსარგებლეზე 1 ქცევის ტექნიკოსის არსებობა აღარ წარმოადგენს ქვეპროგრამაში ჩართვის აუცილებელ წინაპირობას. ქცევის ტექნიკოსთა სამუშაო გადანაწილდება არა ბენეფიციართა ოდენობის, არამედ ნორმირებული სამუშაო დროის მიხედვით და მიმწოდებელს ეყოლება იმდენი ქცევის ტექნიკოსი რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ბენეფიციარებს სრულად მიეწოდოთ წესით გათვალისწინებული მომსახურება.
ქვეპროგრამაში ასევე, შედის რამდენიმე რედაქციული ცვლილება.
აღნიშნული საკითხები კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026
საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026