23 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. მისი განმარტებით, მცირე რედაქციული ცვლილება წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში შედის.
კერძოდ, ვინაიდან წესის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დეტალურად არის გაწერილი, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს აღნიშნულ ქვეპროგრამაში „მიმწოდებლად“, ამავე წესში არსებული ჩანაწერი რომ მიმწოდებელი არის იურიდიული პირი (ორგანიზაცია), საჭიროებას აღარ წარმოადგენს.
ცვლილება შედის ასევე, ამავე წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტშიც, რომლის მიხედვითაც, გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად, მიმწოდებელი განმახორციელებელს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 8 რიცხვამდე, ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციას წარუდგენს.
კერძოდ, ქვეპროგრამაში მიმწოდებლად ჩართული დაწესებულებები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დადგენილ ვადაში წარუდგენენ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.