23 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
მისი განმარტებით, მცირე რედაქციულ ცვლილებებთან ერთად, წესის მე-6 მუხლი (მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია) მიმწოდებელთა და მომლოდინეთა უფლება-მოვალეობების დაზუსტებას საჭიროებს, რაც ქვეპროგრამაში ჩართვის პროცესს, როგორც მომსახურების მაძიებელთათვის, ისე ქვეპროგრამის განმახორციელებლისა და მიმწოდებლისთვის უფრო მოსახერხებელს გახდის.
ცვლილებით, მომსახურების მაძიებელი (პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მხოლოდ ერთ მიმწოდებელს მიმართავს და შესაბამისად, მხოლოდ ერთ მიმწოდებელთან განაწილდება. ასევე, ცვლილებით, ზუსტდება მომლოდინე პირთა უფლებები და მათ უფლება ეძლევა ახალი განცხადებით მიმართოს იმ მიმწოდებელს, რომელშიც სურს გადასვლა. ამასთან ერთად, წესში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილება მომლოდინეთა რიგირთობის დარეგულირებას ეხება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.