23 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან“ კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა, რომელმაც საბჭოს წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საბჭოს მიზნებსა და ამოცანებზე, მათ შორის ქალთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკის ხელშეწყობაზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერასა და მის განხორციელებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
ყურადღება ასევე დაეთმო საბჭოს საკონსულტაციო ფუნქციებს, რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელობას და სხვადასხვა მუნიციპალურ სტრუქტურასთან კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობას.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საბჭოს საქმიანობის წესსა და ორგანიზაციულ საკითხებზე, მათ შორის სხდომების ჩატარების ფორმატზე, წევრთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, სამუშაო პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობაზე.
სხდომაზე გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს დებულებით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიან შესრულებას და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუნიციპალური პოლიტიკის გაძლიერებას.
სხდომაზე, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში“ შესატან ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, რაც გულისხმობს ტერმინის „გენდერი“ ჩანაცვლებას ტერმინით „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“.
სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, ისაუბრეს სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე, რომელიც გახდება საბჭოს დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების პრაქტიკაში განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე საბჭოს საქმიანობის სისტემურ დაგეგმვას.