08 სექტემბერი 2023
თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ორგანიზებით, არუთინ საიათნოვას N1-ში მცხოვრებ, ასევე გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის შედეგად დაზარალებულ მესაკუთრეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე და კომისიის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რომლითაც ვალდებულებას იღებდა, მოეხდინა თბილისში არუთინ საიათნოვას N1-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია და დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისას ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ უზრუნველეყო კომპენსაცია.
ამასთან, სხვადასხვა ტექნიკური სამშენებლო დარღვევების საფუძველზე, შეჩერებულია საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია/განახლების პროცესი და ოჯახები დარჩენილია უპასუხოდ ღია ცის ქვეშ.
შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით სასაუბროდ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ფორმატში, თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან მოხდეს შეხვედრა.
,,საკითხი მოქმედი დარღვევებიდან გამომდინარე მძიმეა, შესაბამისად პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წარმომადგენლობა, მოქალაქეებთან და პასუხისმგებელ ორგანოებთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგად, კომისიის ჩართულობით აგრძელებს მუშაობას მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად და საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად’’,-განაცხადა ნინო წულაძემ.