23 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა - გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარეები ბექა ოდიშარია და შალვა სუთიაშვილი უძღვებოდნენ.
კომისიების გაერთიანებული სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას, ინიციატივით, კომისიის წევრებმა 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკრების, ხსოვნას პატივი მიაგეს.
კომისიების სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა, იმსჯელეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის - „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა" - განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ". ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარმოადგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი გვილავამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადებას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიციირებული პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" კი ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული მუნიციპალური პროექტი.
პროგრამის განვითარების დინამიკამ, მონაწილეთა რაოდენობის ზრდამ და კერძო საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებამ წარმოშვა სპეციალური სამართლებრივი რეგულაციის საჭიროება. წარმოდგენილი პროექტის შემუშავება განპირობებულია პროფესიული მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შინაარსობრივი და პროცედურული სრულყოფის აუცილებლობით. დადგენილების პროექტი ითვალისწინებს საპროექტო განაცხადების შეფასების, დაფინანსების, მონიტორინგის პროცედურების ოპტიმიზაციას, მონაწილე მხარეთა ვალდებულებების დიფერენციაციას და მუნიციპალური რესურსების რაციონალურ ხარჯვას, რაც აუცილებელი წინაპირობაა პროგრამის ეფექტიანად წარმართვისთვის.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე ირაკლი გვილავამ წარმოადგინა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის 2026 წლის მიმდინარე პროექტების შესახებ.
კომისიების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განხილვის შემდეგ კი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის 2026 წლის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს, ხოლო საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებელ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.