თბილისის საკრებულოში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მეუფე ანანიას დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მიტროპოლიტი ანანია, ერისკაცობაში თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანანია; 1979 წლის 4 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 27 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ მღვდლად იქნა ხელდასხმულ.
1992 წელს მეუფე ანანიას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება და დანიშნულ იქნა მანგლისის ეპარქიის მმართველად. 2001 წელს მთავარეპისკოპოსი ანანია მიტროპოლიტის ხარისხში აღავლინეს.
მიტროპოლიტმა ანანიამ დაწერა და გამოსცა მრავალი წიგნი, გამოკვლევა და პუბლიცისტური წერილი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე).
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემაც მიმართა.
„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისის საკრებულოში ვუმასპინძლოთ მეუფე ანანიას დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მეუფე ანანიას მღვდელმთავრობისას მანგლისისა და წალკის ეპარქიაში ამოქმედდა და აშენდა მრავალი ეკლესია და მონასტერი. მისმა მოღვაწეობამ ეპარქიაში, რამდენიმე დიდი მონასტრის ამოქმედებამ, მანამდე გაუქმებული ეკლესიებისა და ახალი სამღვდელო პირების კურთხევამ მყარი საფუძველი შექმნა აღდგენილიყო XVII-XX საუკუნეებში გაუქმებული, წინა საუკუნეებში ისტორიულად არსებული წალკის ეპარქია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსებაც სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება. დიდია მეუფე ანანიას ღვაწლი ქართული ეკლესიის აღორძინებისა და სასულიერო განათლების გავრცელებაში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურისა და მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწეები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.